მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პროტესტს გამოთქვამს ხელისუფლების მიერ დევნილი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი მორიგი ძალადობის გამო.
მოძრაობის წარმომადგენლები დღეს იაშვილის სახელობის კლინიკიდან აფხაზეთიდან დევნილი 65 ოჯახის გამოსახლებას აპროტერტებენ. მოძრაობა მიიჩნევს, რომ სამართლიანი იყო დევნილთა უარი კლინიკის დატოვებაზე, სადაც ისინი 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ვინაიდან მათთვის მუხიანში შეთავაზებულ ყოფილი პროფტექნიკური სასწავლების შენობაში ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ არსებობს.
"სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დევნილთა გამოსახლება მოხდა მათი ღირსების შელახვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფონზე", _ აცხადებენ "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, აღმაშფოთებულია ისიც, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის მიერ განხორციელებულ ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ლტოლივითა და განსახლების სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები, მათ შორის საშა გახარია. მოძრაობის წარმომადგენელთა მოთხოვნაზე, განემარტა, თუ რატომ ხდებოდა დევნილთა აწიოკება, გახარია თავს არიდებდა.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" კატეგორიულად მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს დევნილი მოსახლეობის მიმართ ძალადობის პოლიტიკა და იზრუნოს მათთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაზე.