16-17 იანვარს გორში ჩასახლებული დევნილი ბავშვები თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "ივერიის" კონცერტს "ჩხიკვთა ქორწილს" დაესწრებიან.
დევნილი ბავშვები თბილისში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მიემგზავრებიან.
მიუზიკლზე დასასწრებად შეირჩა 12-დან 15-წლამდე ასაკის 400 ბავშვი, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ბავშვებთან ერთად კონცერტს შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი დაესწრება.
"ეს ის მოზარდები არიან, რომლებმაც ომის საშინელება საკუთარი თვალებით ნახეს. მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, ამიტომ საახალწლოდ ასეთი საჩუქარი მოვუმზადეთ", - აცხადებს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი გურამ პაპუაშვილი.
"ჩხიკვთა ქორწილზე" დასასწრებად დევნილი ბავშვების ტრანსპორტირებისა და ბილეთების შეძენის ხარჯებს მთლიანად გამგეობა უზრუნველყოფს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9600 ლარია გამოყოფილი.