დღეს, 18:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი (გუდიაშვილი 11) ჰოლი ჰოლცერ-ბასის ფოტოების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება საქართველოში გადაღებული ორმოცი და აზერბაიჯანში გადაღებული ექვსი ფოტო. შემოსავალი მოხმარდება ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიასა და დაავადების მკურნალობას. ჰოლი ჰოლცერ-ბასი და ელჩი ჯონ ბასი აქტიურად მონაწილეობენ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში, რადგან ეს დაავადება საქართველოში 14-49 წლის ქალთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. "ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ეს სტატისტიკა, თუკი წავახალისებთ ქალებსა და გოგონებს, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ჩაიტარონ მკერდის ყოველთვიური გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში, გადაიღონ მამოგრამა და იმკურნალონ," ამბობს ჰოლი ჰოლცერ-ბასი.
ჰოლი ჰოლცერ-ბასს ფოტოგამოფენები გაუმართავს ჩიკაგოსა და კატმანდუში. მისთვის ფოტოები არის საშუალება, სხვებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მიღებული გამოცდილება გაუზიაროს: "ფოტოებზე ასახულია პირადი შთაბეჭდილებები იმისა, რაც მინახავს, აგრეთვე ადამიანები, ვისთან ერთადაც შესანიშნავი წუთები გამიტარებია." ფოტოგამოფენის მოწყობა შესაძლებელი გახდა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზისა და "საქრთველოს ამერიკელი მეგობრების კლუბის" მხარდაჭერით. გამოფენა 2012 წლის 30 აპრილამდე გასტანს. ის ღიაა მედიისა და საზოგადოებისთვის.