ვლადივოსტოკში კუნძულ რუსსკის მაცხოვრებელი, რომელსაც ბრალად ადამიანის შეჭმა ედება სამართალდამცავებმა დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავისი თანამეინახე ჯერ მოკლა, შემდეგ კი შეჭამა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა პრიმორიეს მიმართულებით ავრორა რიმსკაიამ გააკეთა.
"ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და მომხდარის გარემოებები დგინდება. ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებულია შემოწმებები შემთხვევის ადგილზე, დანიშნულია ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა", _ განაცხადა რიმსკაიამ.
მისივე თქმით, ბრალდებულს განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაეყენა.
"ამავე დროს წყდება კიდევ ერთი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკიტხი, რომელმაც დაფარა ჩადენილი დანაშაული", _ აცხადებს რიმსკაია.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 მარტს 35 წლის ბრალდებულმა დანის გულში ჩარტყმით თანამეინახე მოკლა. ამის შემდეგ, თავის მეორე მეგობართან ერთად მის სხეულს ერთი კვირის განმავლობაში საკვებად იყენებდა.