"თავისუფალი დემოკრატები" ზუგდიდში "დაიცავი საქართველოს" წევრის, კახა მიქაიას დაკავებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.
"სამეგრელო ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და ამიტომ რაც უფრო გავაქტიურდით, პირდაპირი დარტყმა მოიტანეს ჩვენზე და იწყებენ იმის მცდელობას, რომ აქტიური ადამიანები დააშინონ. ერთი მხრივ, ეს იყო პირდაპირი განაცხადი, რომ ყველა ადამიანი რომელიც იქონიებს განსხვავებულ აზრს, შეიძლება მოხვდეს გისოსებს მიღმა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, კახა მიქაიას სასამართლო პროცესი სრული ბაკქანალია იყო.
"ასეთი სასამართლო კომედიურ ფილმებშიც არ მინახავს, ვერ შევაფასებ უბრალოდ. ეს იყო სრული ბაკქანალია, სადაც კახა მიქაიას ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს", _ განაცხადა ჩიქოვანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ: მიქაია იმ დროს დააკავეს, როცა "თავისუფალი დემოკრატების" წევრის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესიდან გამოსული, ჩაჩიბაიას მეგობრებთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობდა.
"პროცესის დასრულების შემდეგ შეკრებილები იყვნენ სერგოს მეგობრები, თანამებრძოლები, თანაპარტიელები და იყო შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით, რა მოხდა, სასამართლოზე. ეს შეკრება გვქონდა სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს, ქუჩის გადაღმა, სადაც არის სკვერი და ამ შეკრებილებს შორის იყო მიქაიაც. სწორედ ამ დროს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მიქაია და წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ჩიქოვანმა.