კოალიცია "ქართული ოცნება" ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებთან დაკავშირებით ავრცელებს განცხდებას, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება აშშ-ს მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების, მათ შორის USAID-ს ეგიდით განხორცილებული მრავალრიცხოვანი პროგრამების გამო. ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისები.
ამასთან, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის, კერძოდ, სოციოლოგიური კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის. ერთი მხრივ, აღნიშნული კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და, მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით ამ შედეგებით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა.
NDI-ს უკანასკნელმა კვლევებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და მისი ანალიზი და კომენტირება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ხოლო კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები უახლოეს პერიოდში წერილობით მივმართავთ აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც ავსახავთ ჩვენს წიანადადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე".