პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, ,,ქართულ ოცნებასთან,, დაკავშირებული იმედები ჯერჯერობით არ ამართლებს. როგორც გია ნოდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ,,ნაციონალური მოძრაობის,, ლიდერობა ,,ქართულ ოცნების,, მოღვაწეობითაა გამოწვეული.
"ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ყველაზე მაღალი იყო, როდესაც ის შემოვიდა პოლიტიკაში და გაჩნდა იმედი, მაგრამ მისი და მისი კოალიციის შემდგომი მოღვაწეობა გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობაში. ეს არის ძირითადი შედეგი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერობას ისევ განაპირობებს ,,ქართული ოცნების,, მოღვაწეობა" - განაცხადა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება ბარიერის გადალახვას პარტიების მიერ, ნოდია აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის,, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჩანს, ,,ქრისტიან-დემოკრატები,, დარწმუნებული არ უნდა იყონ, თუმცა მათთვისაც არსებობს ბარიერის გადალახვის იმედი.
"საერთოდ კი, როგორც წესი საქართველოში სამზე მეტი პარტია ბარიერს ვერც ლახავს ხოლმე,, - დასძინა გია ნოდიამ.
NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 47% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. მეორე არჩევანის შემთხვევაში მმართველ გუნდს 2% ასახელებს.
რესპონდენტთა 10%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა კოალიცია "ქართული ოცნება". მეორე არჩევანის შემთხვევაში მას 3%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მესამე ადგილს გამოკითხულთა 3%-ის მხარდაჭერით "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" იკავებს. მეორე არჩევანის შემთხვევაში მას ხმას რესპონდენტთა 8% მისცემდა.