ფოტოკონკურს "ქოლგასთვის" კონკურსანტების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.kolga.ge მიმდინარეობს. საერთაშორისო პოზიციების დამკვიდრების მიზნით სახელმა განიცადა სახეცვლილება: ფოტოკონკურსი ქოლგა გახდა Kolga TBILISI PHOTO.
Kolga TBILISI PHOTO სახეცვლილი ფორმატით პირველად ჩატარდება საქართველოში. რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა კორპორატიული სტილი და ახალი ლოგო. ფოტოკონკურსს დაემატა გამოფენებისა და საგანმანათლებლო მიმართულება. მისი მიზანია ინტერნაციონალური ფოტოგრაფიის, სხვადასხვა ფოტოგრაფიული პოზიციის, როგორც კლასიკური, აგრეთვე თანამედროვე, დაკავშირება საქართველოსთან, ქართულ ფოტოგრაფიასთან.
Kolga TBILISI PHOTO- ს ფარგლებში ჩატარდება საინტერესო გამოფენები, ფოტოკონკურსი ქოლგას მონაწილეებისთვის ფოტოუორკშოპი, პოტფოლიო განხილვები და მოხსენებები. დისკუსიებს ჩაატარებენ ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები, კურატორები და ფოტოექსპერტები. კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ მსოფლიო მნიშვენლობის ფოტოგრაფებსა და მათ შემოქმედებას და საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ ექსპერტებს.
ფოტოპროექტების თემატიკა შეზღუდული არ არის. ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: 1. დოკუმენტური სერია; 2. რეპორტაჟი; 3. კონცეპტუალური ფოტოპროექტი; 4. ექსპერიმენტული ფოტოპროექტი; 5. საუკეთესო მომენტი/ერთი კადრი/ snapshot. საპრიზო ფონდი 5000 აშშ დოლარს შეადგენს.
Kolga TBILISI PHOTO ქ.თბილისის მერიის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი, ამერიკის საელჩო, მეიდან ჯგუფი და კომპანია ფოტოსამყარო.
კონკურსში რეგისტრაცია 25 აპრილამდე გაგრძელდება.