დღეს, 26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაკა ასათიანის, მისი დის - სალომე ასათიანისა და დედის - ლუიზა თავართქილაძის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განახლდება. საქმეს მოსამართლე მაია შოშიაშვილი იხილავს.
დღევანდელ პროცესზე საგადასახადოდან გამოთხოვილი ტექნიკურად გაუმართავი დოკუმენტაციის ვარგისიანობის საკითხი გადაწყდება, რომელიც წინა სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი გახდა.
აღნიშნული დოკუმენტაციით, მოსარჩელე მხარე ცდილობს დააზუსტოს შპს "აკას" დივიდენდების ოდენობა, ეს ინფორმაცია კი საგადასახადოში ინახება.
მოსარჩელე ბორის კალანდია "მერსედეს ბენცის" საქართველოს წარმომადგენლობის შპს "აკასგან" 20 პროცენტიან წილს ითხოვს.
ბორის კალანდიას ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები ანზორ იზორია და ვახტანგ ნაყოფია წარმოადგენენ. მოპასუხე მხარეს კი - დიმიტრი გაბუნია და პაატა კიკვიძე.
კალანდია 1993 წლის "აკას" კრების ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მათი მტკიცებით, პარტნიორთა წილების ხელახალი გადანაწილება და პარტნიორთა სიიდან კალანდიას გარიცხვა მოხდა.