ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერმა კიმ ჩენ ინ-მა მამის სიკვდილის შემდეგ, მაღალ ეშელონებში მყოფი სამხედროების "ბარბაროსული წმენდა" მოაწყო. გენერლების მიმართ ასეთ ზომას იმიტომ მიმართეს, რომ ისინი არასაიმედოდ მიიჩნიეს. ამასთან ერთად, ერთი გენერალი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ კიმ ჩენ ირის გლოვის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამხრეთ კორეის მმართველ წრეებში არსებული წყარო იუწყება, რომ "სისხლიანი წმენდა" ჩრდილოეთ კორეაში ლიდერ კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიწყო, გასული წლის დეკემბერში. დღეისათვის გამქრალი არის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ელიტის წარმომადგენელი ათობით გენერალი, რომელთა უმრავლესობა დახვრეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ "The Chosun Ilbo" ავრცელებს.
"კიმ ჩენ ინმა დაახლოებულ პირებს უბრძანა "ჩამოეცილებინათ" ყველა ის, ვინც არაჯეროვნად მოიქცეოდა მამამისის გლოვის დღეებში", _ ამბობს გაზეთის წყარო და აგრძელებს, რომ მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელი დახვრიტეს იმისათვის, რომ იგი გლოვის დღეებში ნასვამ მდგომარეობაში ნახეს. მეტიც, ახალგაზრდა ლიდერმა მასზე შურისძიება "ნაღმმტრორცნის გამოყენებით ბრძანა, რათა მისგან "თმის ერთი ღერიც კი არ დარჩენილიყო".
წყაროს ინფორმაციით დახვრეტილი არიან ასევე გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილის თანაშემწეები.
გამოცემა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ასევე აღნიშნავს, რომ 1994 წელს ახლანდელი ლიდერის მამამ ანალოგიური რამ მოწყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც "სხვანაირად აზროვნებდნენ".