ხვალიდან, 15 იანვრიდან, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველკვირეულ ახალ რადიოთოქშოუს წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი (GRRN) ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქორიძე, ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5 დამოუკიდებელი რადიოსადგურის ეთერში (ლაგოდეხი - "ჰერეთი"; ქუთაისი - "ძველი ქალაქი"; ფოთი - "ჰარმონია"; ზუგდიდი - "ათინათი" და თბილისი - "პალიტრა") რეგიონული რადიოების ჟურნალისტებთან ერთად იმ მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მედიასივრცეში არ შუქდება ან ნაკლები დრო ეთმობა.
"საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის" თავმჯდომარის, რამაზ სამხარაძის თქმით, თოქშოუ "ხიდი" რადიოქსელის დამოუკიდებელი საინფორმაციო სივრცის განუყოფელი ნაწილია.
"უკვე დავასრულეთ ტექნიკური მზადება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 15 იანვრიდან მთელი საქართველო საკმაოდ ორიგინალურ თოქშოუს მოუსმენს. მსგავსი რამ ჯერ ქართულ მედიასივრცეში არ ყოფილა. გადაცემაში ყველა რადიოსადგურის სტუდია პირდაპირ ეთერში იქნება ჩართული სტუმრებთან ერთად. გადაცემის შემადგენელ ნაწილს ერთგვარი ინტერაქტივიც წარმოადგენს. მსმენელს ექნება შესაძლებლობა დარეკოს პირდაპირ ეთერში და გამოაგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მიაწვდინოს ხმა "ხიდის" საშუალებით მთელ საქართველოს", - განაცხადა სამხარაძემ.
"საქართველოს რეგიონალ რადიოსადგურთა ქსელი" სექტემბრიდან ასევე საინფორმაციო-ანალიტიკურ რადიოჟურნალ "მთელ კვირას" ამზადებს. რომელიც ასევე ქსელის ეთერით გადაიცემა.
ქსელის პროექტების მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" თბილისის და "მედიის მხარდამჭერი პროგრამის" ლონდონის ოფისები.