თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თაღლითობის ფაქტზე, ამჟამად ძებნაში მყოფ ვერა ჩორგოლაშვილ-კაპანაძის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
საქმის მასალის მიხედვით, 2009 წლის იანვარში ვერა ჩორგოლაშვილმა-კაპანაძემ განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა მეზობლის - ქეთევან ჩ.-ის დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით, იგი დაუკავშირდა ქეთევან ჩ.-ს და დაარწმუნა, რომ საცხოვრებელი ბინა იპოთეკით დაეტვირთა და აღებული თანხა მისთვის გადაეცა. ჩორგოლაშვილი-კაპანაძე ქეთევან ჩ.-ს დაჰპირდა, რომ აღებული თანხით გახსნიდა რესტორანსა და ავტოსამრეცხაოს, სადაც დაასაქმებდა არამარტო ქეთევან ჩ.-ს, არამედ მისი ოჯახის სხვა წევრებსაც. თავის მხრივ, ვერა ჩორგოლაშვილი-კაპანაძე იღებდა პასუხისმგებლობას, რომ 3 თვის ვადაში შეძლებდა თანხის სრულად დაფარვას. მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ქეთევან ჩ, რომელსაც მცირეწლოვანი ინვალიდი შვილი ჰყავდა, ენდო ვერა ჩორგოლაშვილ-კაპანაძეს და დასთანხმდა. 2009 წლის 17 იანვარს თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სანოტარო ბიუროში მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ქეთევან ჩ.-მ ნანი მ.-ისგან ისესხა 13 000 ევრო, სანაცვლოდ კი იპოთეკით მისი კუთვნილი ბინა დატვირთა. შეთანხმებისამებრ, ქეთევან ჩ.-მ აღებული თანხა სრულად გადასცა ვერა ჩორგოლაშვილ-კაპანაძეს. აღნიშნული თანხის აღების შემდეგ, ჩორგოლაშვილმა-კაპანაძემ ნაკისრი პასუხისმგებლობა არ შეასრულა, რის გამოც დაზარალებული მეუღლესთან და 10 წლის ინვალიდ შვილთან ერთად, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი არ შესწევდა, საკუთარი ბინიდან გამოასახლეს. უსახლკაროდ დარჩენილი ქეთევან ჩ. უშედეგოდ ცდილობდა ჩორგოლაშვილ-კაპანაძესთან დაკავშირებას, რომელმაც საქართველოს ტერიტორია მალევე დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული სანოტარო აქტითა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სრულად დადასტურდა ჩორგოლაშვილ-კაპანაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება. იგი სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან დაიწყება.