პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საზოგადოებრივი აზრი და კანონმდებლობა ხშირად განსხვავდება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს NDI-ის კვლევების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% ემხრობა.
მაჭავარიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის პოლიტიზირება არ უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო ამ საკითხზე კანონის მიხედვით იხელმძღვანელებს.
"ჩვენ ვმუშაობთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. საერთოდ, პოლიტიზაცია ამ საკითხისა, არასწორად მიმაჩნია. მთავარია კონსტიტუცია და კანონმდებლობა და მათ უნდა მივყვეთ. ერთია საზოგადოებრივი აზრი და მეორე კანონმდებლობა" -განაცხადა მაჭავარიანმა და გაიხსენა რელიგიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება.
მისი თქმით, როდესაც პარლამენტი ამ კანონს იღებდა, ცნობილი იყო რომ ხალხს არ მოეწონებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება სწორი იყო და ეს შემდეგ ხალხმაც და სინოდმაც კარგად გაიგო.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გამოკითხულთა 70% ემხრობა. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ დღეს, კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, გამოკითხულთა მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა არ უნდა აღუდგეს.