სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე კობახიძემ საქართველოში მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პოლიტიკისა და პროგრამებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა, რომელიც 21-22 მარტს „ქორთიარდ მერიოტში" იმართება. კონფერენციას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
კონსტანტინე კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო. მოხსენებით წარდგნენ FAO-ს (სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის უსაფრთხოების პროგრამის კოორდინატორი ფრანცუაზა ტრინი, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მდივანი ბორის იაროშევიჩი.
,,გამოცდილების გაზიარების მიზნით, განვიხილავთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოფლის მეურნეობის განვითარების და მხარდაჭერის პროგრამების პრაქტიკული მაგალითებს. კონფერენციის ბოლოს შევაჯამებთ განხილულ თემებს და შევიმუშავებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოში ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების ასამოქმედებლად", -განაცხადა კონსტანტინე კობახიძემ.
საქართველოში მცირე ფერმერთა ორგანიზაციის მხარდაჭერის პროგრამა EC-ს (ევროკომისია) და FAO-ს (სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ეგიდით ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი და ეფექტური მცირე ფერმერთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.