საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა კომენტარი გააკეთა მის მიერ Facebook-ზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც კონტროლის პალატის საქმიანობას ეხებოდა.
მისი თქმით, კომენტარი ეხებოდა კონტროლის პალატის პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობას
"ეს გამოწვეული იყო ინფორმაციის ნაკლებობით, რომელიც გვაქვს და იმით, რომ არ არის ნათელი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება, რომელიც აქვს კონტროლის პალატას კანონის ამ მოთხოვნების აღსრულების დროს", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებას ესწრებოდა.
"ჩემი დაკვირვებით, ყველა პარტიის მხრიდან ჩემი განცხადება ნათლად არ იყო გაგებული. ჩემი განცხადება განპირობებული იყო იმით, რომ არ იყო სრულფასოვანი ინფორმაცია კონტროლის პალატის უფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ", - განაცხადა ჯონ ბასმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასმა რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით შეფასება სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე გააკეთა.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - აღნიშნავს ჯონ ბასი.