ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ძველით ახალი წელი მუხიანში მცხოვრებ დევნილებთან გაატარა. მინისტრმა დენილებს ახალი წელი "ზუმბასთან" და "ჩვენებურებთან" ერთად მიულოცა.
Mმინისტრი რამდენიმე დევნილ ოჯახს ესტუმრა, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფომ დევნილებს საკუთრებაში გადასცა. როგორც დევნილმა მოსახლეობამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, მათ საპრეტენზიო არაფერი აქვთ, რადგან საკუთარი ჭერი აქვთ. ერთადერთ მთავარ პრობლემად კი აფხაზეთში დაბრუნება დაასახელეს. "მინისტრი ახალ წელს ჩვენთან ერთად რომ ხვდება იმას ნიშნავს, რომ მასაც ჩვენსავით სტკივა. აფხაზეთში დაბრუნება ერის ზეიმი იქნება და ღმერთმა ქნას, ამ დიდი ზეიმის მომსწრენი 2010 წელს ყველანი ერთად გავხდეთ" - აღნიშნეს დევნილებმა.
კობა სუბელიანი დევნილებს დაჰპირდა, რომ მიმდინარე წელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და პრეზიდენტის პირობის შესრულების წელი იქნება: "ჯერ კიდევ ბევრი ობიექტი რჩება, სადაც პრობლემები მოსაგვარებელია. 2010 წელი პრობლემების მოგვარების და პრეზიდენტის დანაპირევის შესრულების წელი იქნება. აფხაზეთში დაბრუნებამდე დევნილები ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ, რისთვისაც სახლემწიფო ყველაფერს აკეთებს. თითოეულ თქვენგანს აფხაზეთში ღირსეულ დაბრუნებას გისურვებთ."
დევნილებისთვის საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ 23.00 საათზე დაიწყო და გვიან დამთავრდა.