21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს.
საია ეხმიანება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლობის პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართევლოს კანონთან შემდეგი გარემოებების გამო: 1) მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს განმარტავს, როგორც "პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალ" მაუწყებელს, რომელიც ვალდებულია "უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოვებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისგან თავისუფლება"; 2) მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მეურვეთა რაოდენობა 9-იდან 15-მდე გაიზარდა. თუმცა ცვლილება არ შეხებია მეურვის კანდიდატურის შერჩევის წესს. კერძოდ, კანონის 25-ე მუხლის თანახმად, "მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსის წესით", "ყველას აქვს მეურვის კანდიდატურის დასახელების უფლება."
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიუღებლად მიაჩნია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესის "პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთ ნაწილად" განხილვა და საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველის პარტიის მხრიდან წამოსულ მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ "ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტებაზე", _ ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის თანაბრად მიუღებელია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება უარი არ თქვას "საკუთარ კვოტებზე", მაშინ, როდესაც კანონი არ ითვალისწინებს რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში კვოტების გადანაწილების პროცედურას.
"შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც სამეურვეო საბჭოში ვაკანტურია შვიდი თანამდებობა და არ შეცვლილა მეურვეთა კანდიდატურების წარდგენი წესი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში უხეში, უკანონო ჩარევა; მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, უარი თქვან "კვოტების გადანაწილების" უკანონო გარიგებებში მონაწილეობისგან; მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორის ცალკეული ჯგუფების ინიციატივას, წარადგინონ კანდიდატები მეურვეთა ვაკანტურ თანამდებობებზე", _ ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.