დღეს, 18 მარტს, 19 საათზე კინოთეატრ რუსთაველში ცნობილი ქართველი მსახიობის ავთანდილ მახარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელსაც კინოთეატრის წინ ვარსკვალავის გახსნის საზეიმო ცერემონია დაასრულებს.
მსახიობის საღამოსა და საზეიმო ცერემონიალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს. დამსწრე საზოგადოება ასევე იხილავს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემულ ბუკლეტს, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ავთანდილ მახარაძის კინოსა და თეატრში შესრულებული როლების, კინოფესტივალებზე მიღებული ჯილდოების შესახებ, ფოტოები და ფრაგმენტები "ფიგაროს", "ნიუს უიკის", კანის ფესტივალის დღიურებისა თუ მსოფლიო პრესის სხვა მნიშვნელოვანი გამოცემებიდან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კინოთეატრ რუსთველში კინოკოლაჟის სახით ნაჩვენები იქნება ავთანდილ მახარაძის მიერ შესრულებული როლები. ვარსკვლავის გახსნამდე კი თავად მსახიობი წარსდგება მაყურებლის წინაშე. საღამოს დაესწრებიან მსახიობის თაყვანისმცემლები, მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე, მინისტრის მოადგილე დავით ქირია.
მსახიობი ავთანდილ მახარაძე დაიბადა 1943 წლის 16 ივლისს, 1975 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მსახიობს ქართულ კინოსა და თეატრში არაერთი მნიშვნელოვანი სახე აქვს შექმნილი.
ერთ-ერთი საუკეთესო როლი ავთანდილ მახარაძემ თენგიზ აბულაძის ცნობილ ფილმ "მონანიებაში" შეასრულა, სადაც ერთდროულად ორი, ვარლამ და აბელ არავიძეების საოცარი სახე შექმნა.
ავთანდილ მახარაძის შემოქმედებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ისეთ ნამუშევრებს როგორიცაა რეჟისორ ქართლოს ხოტივარის "ლაზარე", მერაბ კოკოჩაშვილის "მიხა",მიხეილ კალატოზიშვილის "რჩეული", თემურ ჩხეიძის "ჯაყოს ხიზნები",და აშ... "ჯაყოსთან" ერთად რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულებული დრამატული როლები.
ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს ავთანდილ მახარაძის უახლესი გმირი, რომელიც მსახიობმა "ჩემი საბნის ნაკეცი" ზაზა რუსაძის ფილმში სულ ახლახანს, 2012 წელს შეასრულა.
კინოფესტივალებზე მიღებული მსახიობის რამდენიმე ჯილდო: ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პრიზი "სილვერ ჰიუგო" მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "მონანიება" ა.შ.შ 1987წ.
რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "ნიკა" ასევე მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ფილმში "მონანიება". სსრკ. მოსკოვი 1987წ.
პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი "ახალი კინო XXI საუკუნე" პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "ნაციონალური ბომბი" (რეჟისორი - ვაგიფ მუსტაფაევი) რუსეთი 2004 წ.