საქართველო მიწისძვრისგან დაზარალებულ ჰაიტის ჰუმანიტარული ტვირთითა და სამაშველო სამსახურის სპეცბრიგადით დაეხმარება.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ წუხელ მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, საუბარია 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთისა და 10-კაციანი სამაშველო ჯგუფის გაგზავნაზე.
"იმის გამო, რომ მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია ჰაიტის აეროპორტი, დანგრეულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ამ ქვეყანასთან პირდაპირ კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება. ჩვენ ვკონტაქტობთ საფრანგეთის მხარესთან, რომლისგანავ ველოდებით ზარს, როდის იქნება შესაძლებელი ჩარტერული რეისის განხორციელება, რათა დაზარალებულებმა ჰუმანიტარული ტვირთი მიიღონ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო მიწისძვრის შედეგად მიწასთანგასწორებულ სახელმწიფოში 250 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის.
"ერთჯერადი იქნება თუ არა ჩვენი დახმარება ეს დამოკიდებულია იმაზე, ტექნიკურად რამდენად გახდება შესაძლებელი რეისების განხორციელება", - განმატა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, საქართველოს მთელი საგანგებო სიტუაციათა სამსახურია მობილიზებული იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჰაიტიში გაფრინდნენ.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, ჰაიტიში მომხრად 7-ბალიან მიწისძვრას 100 ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ქალაქი, რომელიც დანგრევას გადაურჩა.