"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელ ზურაბ ყუშიტაშვილის გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებული ინტერვიუ არ წაუკითხავს.
გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელი ზურაბ ყუშიტაშვილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებსა და ივანიშვილთან საიდუმლო ვიდეოჩანაწერის დეტალებზე საუბრობს. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ყუშიტაშვილსთვის ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელად ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა სწორედ სესიაშვილი იყო.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა კომენტარისგან თავი შეიკავა და მიზეზად საქართველოში არყოფნა დაასახელა.
"ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვარ საქართველოში და არც გავცნობივარ საგაზეთო მასალას. თუმცა, როგორც ვიცი, სტატიაში ბევრი გაუგებრობაა", _ აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა "ალიამ" გამოქვეყნა ინტერვიუ ყუშიტაშვილთან, რომელიც ირწმუნება, რომ იგი ივანიშვილთან ვიდეოკამერით შეაგზავნეს. მან ამის შესახებ ივანიშვილის გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აცნობა. მიიღო შესაბამისი გარანტიები უსაფრთხოებისა და აღნიშნული ფაქტის გახმაურების შესახებ, თუმცა არც ივანიშვილს და არც მის გარემოცვას ყუშიტაშვილი არ დაუცვია.
"ჯი-ეიჩ-ენი" შეცადა დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას "ქართული ოცნების" პრესსამსახურისგან, რადგანაც ერთ-ერთი ვერსიით, ყუშიტაშვილს ივანიშვილის გარემოცვა არ გაუფრთხილებია, არამედ დაცვამ თავად აღმოუჩინა ვიდეოკამერა. აღნიშნული ფაქტის შესახებ "ქართულ ოცნებაში" ოფიციალური კომენტარი გაკეთებულა.