"თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "ქართველი ემიგრანტების" ხელმძღვანელ ზურაბ ყუშიტაშვილთან ნაცნობობას ადასტურებს და მას ბიძინა ივანიშვილისთვის "საიდუმლოს" გამხელას არ უწონებს.
ყუშიტაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებსა და ივანიშვილთან საიდუმლო ვიდეოჩანაწერის დეტალებზე საუბრობს. თავად ივანიშვილს კი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ერთადერთი, ვისაც ემიგრანტი ემადლიერება, მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილია.
"ზურაბ ყუშიტაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და მისი მხრიდან გადმოცემით ვიცოდი, რა ხდებოდა. ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის კატასტროფა. წარმოგიდგენიათ, ზურაბ ყუშიტაშვილს სამხედრო უწყების წარმომადგენლებმა უთხრეს, თუ მათ შეთავაზებას არ დასთანხმდებოდა, 13 წლის ქალიშვილს თვალწინ გაუუპატიურებდნენ. ეს არ ვიცი, ქართველი კაცის ენიდან როგორ უნდა წამოვიდეს. მთავრი უბედურება ისაა, რომ ესაა ხელისუფლების რეალური სახე, რომელიც ასე სასტიკად ექცევა საკუთარ ხალხს", - განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, რაც ყუშიტაშვილი მიხვდა, რა მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ხელისუფლება და იძულებული გახდა, ივანიშვილისთვის ეთქვა.
"თუმცა მე პირადად ასე არ მოვიქცეოდი. რამდენადაც ცნობილია, მან ივანიშვილის გარემოცვისგან მიიღო გარანტია, რომ ამ ამბავს გაახმაურებდნენ, მოაწყობდნენ პრესკონფერენციებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და, სამწუხაროდ, ყუშიტაშვილი გაიწირა. ივანიშვილი მართლა ასე თუ მოიქცა, ეს ქართველი კაცის საქციელი არაა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შაშიაშვილმა.
"თეთრების" ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა ყუშიტაშვილს, მაგრამ სათანადო დახმარება ვერ გაუწია.
"ის სათანადო დახმარება, რაც მას სჭირდებოდა, ვერ გავუწიე. ვგულისხმობ, ქვეყნიდან წასასვლელი ბილეთის ფულს, რომელიც სჭირდებოდა. უკვე ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, იმ ქვეყანაში, სადაც გაემგზავრა, მყავდა რამდენიმე ნაცნობი, ვინც დაეხმარა ბინით და საკვებით. ვფიქრობ, ზურაბი ისე გარიყული აღმოჩნდა, რომ მას ფინანსურ დახმარებაზე მეტად მორალური მხარდაჭერა სჭირდებოდა. რატომ გაიწირა ეს კაცი ივანიშვილის მხრიდან - თუ აქვთ ამის რაიმე არგუმენტი, აუცილებლად უნდა თქვან. ფაქტია, ხელისუფლებამ ივანიშვილთან ფეხსაცმელზე კამერადამაგრებული კაცი შეაგზავნა", - განაცხადა შაშიაშვილმა.