ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის განცხადებით, კონტროლის პალატის სიხისტე, საერთაშორისო სტანდარტებს გასცდა. ამის შესახებ ახვლედიანმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიერ Facebook -ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კონტროლის პალატის ბოლო დროინდელ ქმედებეს შეეხება.
"კონტროლის პალატის ქმედებები და ზედმეტი სიხისტე საერთაშორისო სტანდარტებს გასცდა. შესაბამისად, სავარაუდოდ, ჯონ ბასის განცხადებისა და შეფასების საფუძველიც ეს გახდა. მუდმივად ვამბობთ, რომ გამჭვირვალე ფინანსები პოლიტიკაში აუცილებელია. მაგრამ ეს შეზღუდვების დაწესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, ამერიკულმა მხარემ მიიჩნია, რომ სიხისტემ ზღვარს გადააჭარბა", - აღნიშნა ახვლედიანმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეწუხებულია.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - აღნიშნავს ჯონ ბასი სოციალურ ქსელ Facebook -ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
კონტროლის პალატა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებების მისაცემად იბარებს. რეგიონული ოფისების წარმომადგენლები "მორალურ ტერორზე, დაშინებაზე, შეურაცხყოფასა და გაძლიერებულ ჩხრეკაზე" საუბრობენ.