კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე გამოიფინა თეატრის მუზეუმში დაცული მასალა - პეტრე ოცხელის ესკიზები და მარჯანიშვილის თეატრის შენობის ამსახველი ფოტოები.
აღსანიშნავია, რომ თბილისში სახალხო სახლის დაარსება დაკავშირებულია ცნობილი ქართველი მეცენატების ზუბალაშვილების სახელთან. კონსტანტინე ზუბალაშვილის შთამომავლებმა ლევან, პეტრე, სტეფანე და იაკობ ზუბალაშვილებმა გარდაცვლილი მამის საპატივსაცემოდ გადაწყვიტეს თბილისში სახალხო სახლის აშენება. დასაპროექტებლად, მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, აშენების უფლებით გაიმარჯვა პეტერბურგელი არქიტექტორის სტეფანე კრიჩინსკის პროექტმა.1909 წელს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა პირველი სახალხო სახლი, ცნობილი ზუბალაშვილების სახალხო სახლის სახელით. ზუბალაშვილების სახალხო სახლი იმ დროის თბილისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. დრამატულ და საოპერო წარმოდგენებთან ერთად ეწყობოდა ლიტერატურული შეხვედრები, საჯარო ლექციები და გამოფენები.
1930 წელს ზუბალაშვილებმა სახალხო სახლი საჩუქრად გადასცეს კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულ მეორე სახელმწიფო ქართულ თეატრს. ხოლო, 1933 წელს რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, სახალხო სახლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.