გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდო ვესტერველეს დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი შეხვდება. ანიკაშვილის განცხადებით, საუბარი შეეხება საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობას, ევროკავშირის და კონკრეტულად - გერმანიის როლს მომავალი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე ნატოსა და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.
ვესტერველე საქართველოს დღეს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვა. გიდო ვესტერველე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ, გრიგოლ ვაშაძეს. შეხვედრა დაგეგმილია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, ედუარდ შევარდნაძესთან.
გიდო ვესტერველე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის წაიკითხავს მოხსენებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან ურთიერთობების შესახებ.
ვესტერველე საქართველოში გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებათა საკითხებში, მარკუს ლიონინგთან და გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვა.