დღეს, 14 იანვარს, ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებს.
სხდომაზე დასასწრებად კიევიდან სპეციალურად ჩამოფრინდა ცესკო-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომელიც უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტის არჩვენებზე დამკვირებლის სტატუსით იმყოფება.
როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პოსტზე დასახელებული 14 კანდიდატიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი ლევან თარხნიშვილზე, ზურაბ ხარატიშვილსა და ოთარ სიჭინავაზე გააკეთა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა უკვე გააკეთესგანცხადებები საკუთარი პრიორიტეტების შესახებ.
ზურაბ ხარატიშვილის თქმით, არჩევის შემთხვევაში მისთვის მთავარი ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ცესკო-ს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იქნება.
"ცესკო-ს საქმიანობის ქვაკუთხედი უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრს ვალდებულებებთან, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს საკანონმდებლო ბაზის შემდგომ სრულყოფას, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლებას და თავად საარჩევნო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას", - განუცხადა ხარატიშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ ოთარ სიჭინავას, ის აქცენტს საარჩევნო კომისიის გამჭვირვალე მუშაობაზე აკეთებს და ამ პოსტზე არჩევის შემთხვევაში მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც გეგმავს.
"ჩემთვის ცესკო-ს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთი იქნება, თუმცა სრულად მაქვს შეგნებული პასუხისმგებლობა. ბევრი მუშაობა მომიწევს გამჭვირვალობის და მასმედიასთან მუშაობის კუთხით", - განმარტავს სიჭინავა.
მესამე კანდიდატი ლევან თარხნიშვილი კი ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში გატარებული რეფორმების წარმატებულობას იხსენებს და აცხადებს, რომ ამ კონტექსტში, ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავს.
"მიმაჩნია, რომ ჩემი თავმჯდომარეობის დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლანად საარჩევნო ადმინისტრაციამ საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მაქვს უფლება ვიყო კანდიდატი", - აცხადებს თარხნიშვილი.
ხარატიშვილის კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალპემ" წარადგინა, სიჭინავას - "ახალი თაობა ახალმა ინიციატივამ", თარხნიშვილი კი თანასწორობის ინსტიტუტის რჩეულია.
წარდგენილ კანდიდატებს შორის თავმჯდომარე ცესკო-მ უნდა აირჩიოს. კენჭისყრაში კომისიის 6 ოპოზიციონერი წევრი მიიღებს მონაწილეობას. თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა ხმათა უმრავლესობა.
ცესკო-ს თავმჯდომარის დასამტკიცებლად კომისიას ვადა, დღის ბოლომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურები პარლამენტში გადაინაცვლებს და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს ამ შემთხვევაში დეპუტატები დაამტკიცებენ.