საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ემსხვერპლა ბელგიის 28 მოქალაქე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის, რომ ამ კატასტროფას 22 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ბელგიელი ხალხისათვის ამ მძიმე წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხადებს სამძიმარს და გამოხატავს თანადგომას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის კანტონ ვალეში, იტალიის საზღვართან ახლოს, ქალაქ სერთან მდებარე გვირაბში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ბელგიის 28 მოქალაქე მათ შორის 22 ბავშვი დაიღუპა. 24 მოზარდს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებები.
ავტობუსი სავარაუდოდ მთის გვირაბში კედელს შეეჯახა. გარდაცვლილია ორივე მძღოლი.
ავტობუსში მყოფნი ექსკურსიიდან შინ ბრუნდებოდნენ. მასში სულ 52 ადამიანი იმყოფებოდა.