დღეს, 15 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი იტალიელი დიზაინერი ფაბრიციო ჯუჯარო გააკეთებს პროექტის -"მწვანე ბათუმი - 2020" პრეზენტაციას. ამასთან, ჯუჯაროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდება მიენიჭება.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილეები - ნოდარ სურგულაძე, კოკა სეფერთელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ასევე, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ელჩები, საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.
13:30 საათზე კი პროექტ "მწვანე ბათუმსა" და საერთაშორისო დიზაინის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, იტალიელი დიზაინერი ფაბრიციო ჯუჯარო, იტალიელი სამრეწველო დიზაინერი, "იტალდიზაინის" ერთ-ერთი დამაარსებელი, საავტომობილო დიდების დარბაზის წევრი ჯორჯეტო ჯუჯარო, ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯანკარლო პერინი.
ფაბრიციო ჯუჯაროს 47 წლის ასაკში აქვს 30-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში, თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ უდიდეს კორპორაციებთან, მათ შორისაა GM, Toyota, Hyundai, Volkswagen, Fiat, BMW, Boeing, Samsonite, Nikon, Trenitalia (მაღალი სიჩქარის მატარებლები), ATR, Vredestein, Kawasaki და მრავალი სხვა. ჯუჯაროს მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია მისი მანქანის მოდელები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში წარმოდგენილია საერთაშორისო ავტოშოუებზე. მამა-შვილის, ჯორჯეტო და ფაბრიციო ჯუჯაროების ინიციატივით, 2003 წელს შეიქმნა კომპანია Giugiaro Architettura, რომელიც გულისხმობს არქიტექტურის ტრადიციული კონცეფციის გაფართოებას. ფაბრიციო ჯუჯაროს ბოლოდროინდელი არქიტექტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია იუვენტუსის ახალი სტადიონი, ტურინის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და კოპენჰაგენის მეტრო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება დიზაინის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულების დიზაინერებად მოამზადებს. სკოლას პატრონაჟს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონისა და პოპულარული მარკის ავტომობილების დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. სასწავლებელში ლექციებს შესაბამისი სფეროს წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.