17-25 მარტს ტარდება "ქურთული კულტურის დღეები საქართველოში"
სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი" საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, 17-25 მარტს, აცხადებს " საქართველოში ქურთული კულტურის დღეებს". ღონისძიებათა ციკლი გაიმართება საქართველოში ერაყის რესპუბლიკის ელჩის, ტაიბ მუჰამედ ტაიბის პატრონაჟით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო მხარდაჭერით.
ეზიდთა დღესასწაულ "კლოჭა სარე სალეს" ეძღვნება ეზიდების მატერიალური კულტურისა და ყოფის უნიკალური ნიმუშების გამოფენა (XIX საუკუნე), რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დახურულ ფონდში და არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. კულტურის დღეეების გახსნა საზეიმო ვითარებაში გაიმართება 17 მარტს 17:00 ს-ზე, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (ლ. გუდიაშვილის 1). გამოფენა ღიაა 25 მარტამდე უფასო დასწრებისთვის.
21 მარტს 11:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება "ქართულ-ქურთული მეგობრობის ფესტივალი", რომელსაც საზეიმო ვითარებაში გახსნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ღონისძიება ტარდება საგამომცემლო სახლ "ბადრხანის" (ერაყის ქურთისტანი) ინიციატივით. ფესტივალის ფარგლებში დედაქალაქს ერაყის რესპუბლიკიდან ესტუმრება 100-მდე ქურთი მოქალაქე, მათ შორის არიან კულტურის, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი სახეები. ფესტივალის პროგრამით არის გათვალისწინებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სემინარი, დისკუსიები, თეატრალური წარმოდგენები, მუსიკალური ნომრები და მრავალი სხვა) და გაგრძელდება 22 მარტამდე.