17 მარტს, 18:00 საათზე, გალერეა "ვაჩეში" გაიხსნება მხატვარ-გრაფიკოსის, მიხეილ აბრამიშვილის პერსონალური გამოფენა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს"აბრამიშვილმა განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე შესრულებული 20-მდე ნამუშევარი.
"წარმოვადგენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებულ 20-მდე ნამუშევარს. ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი კომპოზიციები უმეტესად შერეული ტექნიკითაა შესრულებული და გამოირჩევა თავისებური მანერით", - განაცხადა აბრამიშვილმა.
ფერადი გრაფიკისთვის მხატვარი მრავალგვარ მასალას იყენებს (ტუში, აკვარელი, გუაში, პასტელი, ტიპოგრაფიული საღებავები და სხვა).
აბრამიშვილი ამჟამად სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეუფლება ვოკალურ ხელოვნებას. აქვს საკმაოდ იშვიათი ხმა - კონტრატენორი და გამოფენებთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებშიც, ასრულებს ბაროკოს ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს.
გამოფენა 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.