ხვალ, 15 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (მის.: თავისუფლების მოედანი #4, მე-2 სართული, საკონფერენციო ოთახი #1) გაიმართება კომპანია "ნატახტარის" და ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" ერთობლივი პრესკონფერენცია ნატახტარის ლიმონათის საქველმოქმედო პროექტის - "იზრუნე მომავალზე" - შესახებ.
მისი პირველი ეტაპი - თანხის შეგროვება - დასრულდა. ასევე დასრულებულია 16-იდან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბაზის შედგენა. მომავალი კვირიდან, ბავშვებთან მუშაობას დაიწყებენ ფსიქოლოგები. მათი დასკვნის შემდეგ მოხდება ბავშვებისთვის საინტერესო და საჭირო პროგრამებისა და მიმართულებების დადგენა.
შეგროვებული თანხის მოცულობაა 142 802 ლარი. იგი შესაბამისი პროექტების მიხედვით გადანაწილდება და მთელი წლის განმავლობაში გაიხარჯება.
კომპანია "ნატახტარმა" 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა ფონდი "ნატახტარი" და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის "იზრუნე მომავალზეს" განახორციელება. 3 თვის განმავლობაში "ნატახტარის ლიმონათის" თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად, 0.5ლ; 1ლ და 2ლ).
პროექტი ხორციელდება ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.