ყვარელში კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა. ოფისის ხელმძღვანელად მალხაზ ხიზანიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე „ქართული პარტიის" ყვარლის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
ოფისის გახსნას „ქართული ოცნების" ლიდერები ბიძინა ივანიშვილი, თინა ხიდაშელი, ირაკლი სესიაშვილი, სოზარ სუბარი და დავით ბერძენიშვილი დაესწრნენ.
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, ხალხს სოფლის მეურნეობის განვითარებას დაპირდა.
„გლეხს აკლია ტექნიკა, საუკეთესო თესლი, საწვავი, სასუქი და ა.შ. როდესაც პოლიტიკაში შემოვედი პირველსავე განცხადებაში ვიხსენიებდი და პასუხი არ მქონდა, თუ რატომ მითხრა სააკაშვილმა უარი, როდესაც შევთავაზე ერთადერთი პროექტი რომლის განხორციელებაც მსურდა. ეს სოფლის მეურნეობის პროექტი გახლდათ. მე ვთავაზობდი მილიარდ დოლარს დასაწყისისთვის და მომავალში დამატებას, თუმცა უარი მივიღე. რამდენიმე ხნის მერე გავაცნობიერე, რომ ამ კაცს არ სურს ძლიერი სოფელი, ძლიერი ოჯახი, რაზეც ოცნებობდა დიდი ილია. ეს კაცი არის მშიშარა და მას ყველანაირი სიძლიერის ეშინია. მისი ხასიათი მუშაობს იმაზე, როგორ დაანგრიოს, როგორ დაშალოს, როგორ გაათითოკაცოს რომ იოლად მოერიოს. მე იგივე განცხადებაში ვიხსენიებდი, რომ დამოუკიდებლად დავიწყე პროექტის განხორციელება, რაც ვერ მოხერხდა ამ ხელისუფლების პირობებში. გპირდებით, რომ პირველი პროექტი იქნება ჩვენთვის. ეს იქნება სოფლის მეურნეობის პროექტი. ჩვენ მოსვლიდან მეორე დღესვე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რათა ახდეს ილიას ოცნება, ჩვენ ავახდენთ ქართულ ოცნებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.