„ახალი მემარჯვენეები" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაზა ლაგაზიძემ დატოვა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტიის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა გიგი იმერლიშვილმა დაუდასტურა.
„ზაზა ლაგაძიძე წავიდა თავისი ნებით, თანამდებობიდანაც და პარტიიდანაც. ახმეტის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ზურაბ არაბული", - განაცხადა გიგი იმერლიშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ზაზა ლაგაზიძეს ვერ დაუკავშირდა. მას რამდენიმე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ლაგაზიძე გასული წლის ოქტომბერში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. ზემო ალვანში მცხოვრები თუშები სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისებას აპროტესტებდნენ, სადაც სოფლის მეურნეობის კორპორაციას ფრანგული კაკალი უნდა გაეშენებინა. მაშინ ზაზა ლაგაძიძე პოლიციაში დაიბარეს და ხელწერილი დააწერინეს, რომ აქციას აღარ გამართავდა. აქციების შემდეგ კი მისი მეუღლე ნანა საბანაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის ახმეტის საავადმყოფოში ბუღალტრად მუშაობდა.