ბირთვული მასალების მშვიდობიანი გამოყენება მათი გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვით მოხდება. ცვლილებები, რომლებიც რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს, "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტი დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, მომზადებული პროექტით განისაზღვრება სურსათით, ნედლეულით, ნიადაგით, სასმელი და მინერალური წყლით გამოწვეული დასხივების, ასევე სამედიცინო დასხივების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები. " ჩვენ ვადგენთ ბირთვულ მასალებთან და გამოსხივების სხვა წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ძირითად მოთხოვნებს. კანონმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მასალების გამოყენება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და დაიცვას ადამიანი და გარემო მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან", - განაცხადა ნინო ენუქიძემ.