საქართველოში ბირთვული და რადიაქტიული მასალების ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტის საკითხები ახლებურად დარეგულირდება. ცვლილებები "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააცნო. მისი განცხადებით, აღნიშნული სფერო 1998 წელს მიღებული კანონმდებლობით რეგულირდება და მისი ნორმები დღევანდელ რეალობებს აღარ შეესაბამება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი იქნება ბირთვული მასალების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ტექნიკის მშვიდობიანი გამოყენება; ბირთვულ მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა. წარმოდგენილი პროექტი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის საკითხებს, ლიცენზიის მფლობელის უფლება-მოვალეობებს და ლიცენზიის ნებართვის გაუქმების პირობებსაც განსაზღვრავს.
კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონებში.
კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი და მხარი დაუჭირეს მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.