13 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის იმ მეცნიერებთან გაიმართა შეხვედრა, რომელთა პროექტებმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2011 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მოიპოვეს დაფინანსება. 2011 წლის საგრანტო კონკურსებში თსუ-ის აქტივობის ამსახველი პრეზენტაცია თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტმა წარმოადგინა.
სამეცნიერო კონკურსებში მოპოვებული გრანტების რაოდენობით თსუ ლიდერობს. თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „ყველაზე მეტი დაფინანსება თსუ პროექტებმა მიიღო. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს სამეცნიერო კვლევების დიდი პოტენციალი აქვს. ძლიერი ბაზები, ძლიერი სკოლები - ეს ხელს შეუწყობს ჩვენს სტუდენტებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში." როგორც რუსთაველის ეროვნული ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა აღნიშნა, „რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული მსხვილბიუჯეტიანი პროექტები თსუ ბაზაზე განხორციელდება. პროექტების დაფინანსების გაცემა თვის ბოლოდან დაიწყება. სამეცნიერო კვლევებში ჩაერთვებიან როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერები." გრანტები გაიცა ყველა მიმართულების კვლევებზე. ყველაზე მეტი დაფინანსება კი ფუნდამენტალური და გამოყენებითი კვლევებისთვის განკუთვნილმა პროექტებმა მიიღო, რომლებიც თსუ თანადაფინანსებით განხორციელდება.