"დემოკრატიული მოძრაობა" აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს ეხმიანება. როგორც პარტიის მთავარი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთში ჩატარებული ყველა ე.წ. არჩევნები, დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებით, ყოველთვის ისე ტარდება, რომ, შედეგებთან დაკავშირებთ არც ოპოზიციას და არც მოსახლეობას კითხვის ნიშანი არ უჩნდება.
"აფხაზი მოსახლეობა, რუსეთის მუდმივი სერიოზული ზეწოლის მიუხედავად, მხარს ყოველთვის თავისთვის სასურველ კანდიდატს უჭერს. ამის დასტურად 2005 წლის მაგალითიც კი კმარა, როცა აფხაზებმა არ მიიღეს რუსეთის ფავორიტი, არ დაუშვეს საკუთარი ნების გაყალბება და ხმათა უმრავლესობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გახდა. აფხაზი ხალხის მათთვის ტრადიციული, თავისუფალი, შეურიგებელი პოზიცია უდავოდ პატივისცემას იმსახურებს. ამასთან, გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თუ აფხაზი ხალხი მართლაც დემოკრატიული ფასეულობებისაკენ ისწრაფვის, არ შეიძლება მხოლოდ შენი უფლებების უზრუნველყოფაზე, მათ დაცვაზე ზრუნავდე და ამავდროულად, უგულებელყოფდე სხვის, ასეთსავე კანონიერ და საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს - კერძოდ აფხაზეთის მოსახლეობის იმ ძირითადი ნაწილის უფლებებს, რომლებსაც დღეს იძულებით აქვთ დატოვებული საკუთარი კუთხე", - ნათქვამია განცხადებაში.
"დემოკრატიულ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათი სურვილია, მთელ საქართველოში და მათ შორის აფხაზეთში, ჩატარდეს სრულყოფილი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც აღიარებს მთელი ცივილიზებული მსოფლიო და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მოსხლეობა, არამედ ისინიც, რომლებიც და წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა დევნილებად აქცია.
"ვიმედოვნებთ, აფხაზეთში დღეს დარჩენილი მოსახლეობის ნების გამომხატველი ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართულ საზოგადოებასთან დიალოგისთვის იქნებიან მზად და ერთად შევეცდებით ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი აღდგენას ურთიერთპატივისცემის და ნდობის საფუძველზე, ყოველგვარი წინაპირობების, შიშისა და არაპროგნოზირებადი ქმედებების გარეშე. "დემოკრატიული მოძრაობა" იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები და აფხაზები მოვახერხებთ მოლაპარაკებების ისე წარმართვას, რომ შესაძლებელი გახდება ერთად, თანასწორუფლებიან საზოგადოებაში თანაცხოვრება", - აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართა.