დედაქალაქის მერია თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასებს უზრდის.
მეხანძრეებსა და მაშველებს უკვე მოემატათ ხელფასი 50 ლარით. წლის ბოლომდე კი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებსა და სასწრაფოს ექიმებს ანაზღაურება კიდევ ეზრდებათ.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუციათა სამსახურის თანამშრომლები ნაძალადევის რაიონში ახალ შენობაში იმუშავებენ. გურამიშვილის ქუჩაზე გარემონტდა კიდევ ერთი შენობა, სადაც განლაგებული იქნება როგორც სამაშველო სამსახური, ასევე სასწრაფო დახმარება. 50 მეხანძრე და 25 ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, თბილისელებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
გიგი უგულავა დღეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრაზე მერმა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ 2010 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც გზის საფარის აღდგენას, ავარიული სახლების გამაგრებას, ლიფტების შეკეთებას და მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ახალი კანონის მიხედვით, გათავისუფლებული იქნება მიწის ლეგალიზაციისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების გადასახადისგან. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ თბილისელების ადვოკატი დაეხმარება.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე უგულავამ ასევე ჯანდაცვის პრიორიტეტებზე ისაუბრა. დედაქალქის მერის თქმით, მიმდინარე წელს ქალაქში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
უგულავას განცხადებით, შემუშავდება მოსახლეობის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პაკეტები, რათა 2010 წლის განმავლობაში ყველა მოქალაქე დაზღვეული იყოს.