საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, ამ მიმართულებით ძალისხმევა გამოიჩინოს", - ნათქვამია განცხადებაში.