საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას უძღვებოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით განცხადება გააკეთა.
"ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაგირება უკვე მოხდა. ჩვენი მხრიდან კი მსურს განვაცხადო, რომ სანამ თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც დევნილია აფხაზეთიდან, არ დაბრუნდება თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე, სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საუბარი ვერც ერთ ლეგიტიმურ არჩევნებზე ვერ იქნება. არც საქართველოს მოსახლეობა, არც საქართველოს პარლამენტი არ შეეგუება იმ აზრს, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი იყოს ოკუპირებული და საოკუპაციო ხელისუფლება ატარებდეს რაღაც ღონიძიებებს, რომელსაც არქმევენ არჩევნებს", - განაცხადა მან.