რამდენიმე დღის წინ დამპყრობლის ახალმა ძველმა უფროსმა გენერალური ბრძოლის ახალი დრო და ადგილი დაგვინიშნა - შემოდგომის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თელავის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა.
მისივე თქმით, მტერმა ყოველთვის იცოდა, სად მოეყენებინა დარტყმა. შაჰ-აბასმა გაასახლა კახელები და ამოძირკვა ვაზი. დღევანდელ რუსეთს ხელი მიუწვდა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალზე, მაგრამ არა კახეთზე.
"თუმცა, თანამდებობაზე მისვლის პირველსავე დღეებში პუტინმა კახეთი დაბომბა და ასეთივე ქმედება იყო კახური ღვინის ემბარგოც. ამის მიუხედავად, მათ ყველაზე ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოედგინათ, რომ კახეთი ფეხზე წამოდგომას შეძლებდა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხერხემალი", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ როგორც ბლოკადა და ომი ვერ მოუგო რუსეთმა საქართველოს, ისე დემოკრატიულ ბრძოლას ვერ მოუგებს.
"დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი ამ ბრძოლასაც აუცილებლად მოიგებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება ამას გააკეთებს სიამაყით, ისე როგორც ქართველი კაცი აკეთებდა, როგორც თავისი მიწის ბატონ-პატრონი.
"ჩვენ მათ გავუხსენით ვიზები, ჩამოვიდნენ და რაც უნდათ გააკეთონ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში. ჩვენ არც ერთი სტუმრის მიღება არ გვეშინია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.