რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა დავითაიასაერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს - დაგმონ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არალეგიტიმურია.
"ევროკავშირის, ევროსაბჭოს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებისა და შეერთებული შტატების სენატის მიერ აფხაზეთი აღიარებულია ოკუპირებულ ტერიტორიად, ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება, არის არალეგიტიმური", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, ერთადერთი საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც აფხაზეთში დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდა, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაა. მისივე განმარტებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ სოხუმში დამკვირვებლის სტატუსით სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებია ჩასული, სინამდვილეში, ეს სიცრუეა, რადგან იქ არიან მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და არა საპარლამენტო დელეგაციები.
პაატა დავითაიამ ადგილობრივ მოსახლეობასაც მიმართა, მოეგონ გონს, რადგან მათი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი შანსი საქართველოსთან თანაცხოვრებაა. "ვიფიქროთ ერთად იმაზე, როგორ ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო, სადაც ყველას უფლება იქნება დაცული და ყველა დევნილი საკუთარ სახლში დაბრუნდება", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.