„სახალხო კრება" მშვიდობიანი გამარჯვების ერთადერთ ფორმულად ძლიერი ოპოზიციური ფრონტის შექმნას მიიჩნევს. კრების" აღმასრულებელი საბჭო ყველა ოპოზიციურ ძალას და უპირველესად "ქართულ ოცნებას" გაერთიანებისკენ მოუწოდებს. აღმასრულებელი საბჭოს განცხადება დღეს სასტუმრო "კოპალაში" გამართულ ბრიფინგზე საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა წაიკითხა.
განცხადების თანახმად, "სახალხო კრება" მიმართავს ყველა ოპოზიციურ ძალას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას", რომლის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას დიდი იმედით შეხვდა ქართული საზოგადოება, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რიგით მოქალაქეებს, გავერთიანდეთ ერთიანი ფრონტით ქვეყნის დამნაშავე ხელისუფლებისაგან გასანთავისუფლებლად და ქვეყნის გადასარჩენად.
"ამ მიზნით, „სახალხო კრებაში" წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან პირველები წავიდნენ დათმობაზე და ამ ეტაპზე, უარი თქვან პირად ამბიციებზე, მათ შორის საპარლამენტო და ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე. დღეს უმთავრესია ხელისუფლების ჩამოშორება საარჩევნო პულტიდან, ხოლო შემდეგ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას აირჩევს და ჩააბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს", - ნათქვამია განცხადებაში და საუბარია თუ რა უნდა იყოს ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მთავარი მიზანი
"ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მთავარი მიზანი უნდა იყოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება და კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება, რის შემდეგაც ექვსი თვის ვადაში, ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე, გატარდება ყველა საჭირო საკანონმდებლო და პოლიტიკური ცვლილება საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისა და კონკურენტული გარემოს შექმნისათვის, ესენია: პოლიციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპოლიტიზაცია და ჩამოშორება საარჩევნო პროცესისაგან; სასამართლოს დამოუკიდებლობა; ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისაგან; ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებასა და საარჩევნო კანონმდებლობაში; მოსახლეობის აღწერა და რეალური საარჩევნო სიების ჩამოყალიბება; მედიის გათავისუფლება ზეწოლისა და ტერორისაგან; პოლიტიკური და უკანონო პატიმრების უპირობო გათავისუფლება", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „სახალხო კრება" გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეერთებას, მით უფრო შერწყმას.
"„სახალხო კრება" კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დღეს არ არის ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირების და ხელოვნური ბარიერების შექმნის დრო. დღეს ყველა რეალურად ოპოზიციური ძალის მიზანი უნდა იყოს დამნაშავე რეჟიმთან ბრძოლა და არა ბრძოლა პოლიტიკურ კონკურენტებთან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნონა გარინდაშვილმა წაიკითხა.