დღეს საქართველოს ევროკავშირის ექსპერტთა მისია ეწვევა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ექპერტთა ვიზიტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ვიზა-ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის განხილვა.
"ჯერ კიდევ გასული წლის 1-ელ დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის ზაფხულამდე საქართველოსთან სავიზო საკითხებზე დიალოგის დაწყების შესაძლებლობა განიხილებოდა", - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ მართლაც შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიალოგის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულამდე, დამოკიდებულია იმაზე, რა შინაარსის მოხსენებით წარსდგება ექსპერტთა ჯგუფი ბრიუსელის წინაშე.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ყველა ინფორმაციას მივაწვდით. მივიჩნევთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ პროგრესული მუშაობა ვაწარმოეთ და იმედი გვაქვს, პოზიტიურ შეფასებას მივიღებთ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.