საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სეორატისტების მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებს უკანონო აქტს და ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას უწოდებს.
"2012 წლის 10 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათმა მარიონეტულმა რეჟიმმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩაატარეს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მარიონეტული რეჟიმების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირეულად შეცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში.
"საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.
2012 წლის 10 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპალამენტო არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ფარსი და განაგრძოს რუსეთზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.