იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში ვიზიტისას თავის კოლეგასთან შეხვედრისას უკვე ოფიციალურად დასვამს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს უწყებათა შორის ზოგადად მოლაპარაკებების პროცესი და ამ საკითხში ყველა კომპეტენტური ორგანოა ჩართული.
დავით ბაქრაძე ისრაელში დღეს გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს.
"ისრაელში ჩემი პირველი ვიზიტის დროიდან დავაყენე ეს საკითხი. ახლა უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას. იქ ისევ აღევლინოს ქართულად ლოცვა. ის იყოს საქართველოს ეკლესიის, ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში", - დასძინა პრეზიდენტმა.
იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ საინფორმაციო პორტალ "იზრუსს" განუცხადა, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი არ დასმულა წმინდა მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და არც ისრაელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტებისას. თეოფილე მესამემ აღნიშნა, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა შესთავაზეს გამოსყიდვის საკითხი, თუმცა უარის მიიღეს.