"დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლების დამოკიდებულებაზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სააკაშვილის ხელისუფლება განაგრძობს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას საკუთარი თავის წარმოჩენისა და პიარისთვის. ამჯერად, ამ მიზნით თითოეული ქართველისთვის ხელისუფლებამ ისეთი მნიშვნელოვანი და სათუთი საკითხი ამოირჩია, როგორიცაა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი. ამ თემაზე რამდენიმე კვირაა ხელისუფლების მხრიდან საუბარი მიმდინარეობს და ირკვევა, რომ მოლაპარაკებას, რომელიც ვითომდა საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, მეორე მხარე არ ჰყავს. ჯვრის მონასტრის საქართველოსათვის დაბრუნებაზე ინფორმაციას არ ფლობს არც საქართველოს საპატრიარქო არც საბერძნეთის მხარე, არც ისრაელის ხელისუფლება და არც იერუსალიმის პატრიარქი. მეტიც: იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან, გამოითქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო განცხადებები არ გახდეს ერთა შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია საკითხი ჯერ კარგად გაიაზროს და მოამზადოს.
"მკვეხარა ბავშვივით წინასწარ არ გააკეთოს უსაფუძვლო განცხადებები, რაც პროცესებს სასურველი მიმართულებით არ წაიყვანს და ავნებს საბოლოო შედეგს", - აღნიშნულია განცხადებაში.