ნინო ბურჯანაძე პარტიების საბანკო ანგარიშებზე შემოწირულობების დროებით შეჩერების ინიციატივით გამოდის. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს, დროებით, პარტიის თანხმობის გარეშე, შეაჩერონ 200 ლარზე მეტი შემოწირულობის მიღება პარტიის საბანკო ანგარიშებზე.
ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "კონტროლირებად მედიაში" გასული სიუჟეტების გამო იქნა მიიღებული, სადაც პარტია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს, მიღებულ იქნას ზომები პარტიასთან შეუთანხმებლად, პარტიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის წინააღმდეგ, რისი შესაძლებლობაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა პარტიის ქონების დაყადაღების ან პარტიის დისკრედიტაციისთვის იქნას გამოყენებული", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე, დემოკრატიულმა მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შემოწმების ნაცვლად, რაც მისი უპირველესი მოვალეობაა, პოლიტიკური შეკვეთის შემსრულებელი გახდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების საბოოლოო განადგურება წარმოადგენს.
რეჟიმის ყველა ქმედება მოწმობს იმას, რაც "დემოკრატიულ მოძრაობას" არაერთხელ განუცხადებია, რომ ის არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. სააკაშვილის რეჟიმი და არამხოლოდ იგი მუდმივად ცდილობს ჩვენი პოლიტიკური ძალის მარგინალიზაციას და პოლიტიკური ველიდან განდევნას, ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები მით უფრო მეტად გაძლიერდება ხელისუფლების ტერორი ჩვენს მიმართ, რათა არ დაუშვან პარტიის მონაწილეობა არჩევნებში. მიუხედავად ამისა "დემოკრატიული მოძრაობა" აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად და მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მორიგ ავტორიტარულ ქმედებებზე. ასევე მივმართავთ ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას და დამოუკიდებელ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევცვალოთ დრაკონული კანონმდებლობა და ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ვუზრუნველყოთ.