რუსეთის ხელმძღვანელობას შეუძლია რაც უნდა ის თქვას, მაგრამ ნატოში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მისი წევრი ქვეყნები იღებენ და საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ალიანსს, - განაცხადა ჟურნალ „ტაბულასთვის" მიცემულ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ.
მისი თქმით, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ მას კვლავ სურს ეს და რა თქმა უნდა, როდესაც სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
"ჩვენი შეხედულება არ შეგვიცვლია. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმ ნაბიჯისკენ, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს და თავის მხრივ, საქართველოც დგამს ამ ნაბიჯებს და როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ ერთად ვუახლოვდებით ერთმანეთს", - აცხადებს აპატურაი და აღნიშნავს, რომ სწორედ ახლა შეთანხმდა ღონისძიებათა პაკეტი, რათა, გაფართოვდეს საქართველოს კავშირი ნატოსთან.