საქართველოს რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტების დროს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის ჩაშლას და პედაგოგების და მოსწავლეების შეხვედრებზე გამოყვანას მასობრივი ხასიათი აქვს, რაზეც განათლების სამისტრომ პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" წევრმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
"ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ სისტემატურად შუქდება ფაქტები, როდესაც საჯარო სკოლებიდან სამხარეო ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვნელობის დავალებით გაკვეთილებიდან იხსნებიან მოსწავლეები და პედაგოგები, რათა მოაწყონ პრეზიდენტთან ხალხმრავალი შეხვედრები. შეხვედრებში მონაწილეობას ავალდებულებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც და შესაბამისად იქაც წყდება აღმზრდელობითი პროცესი", - განაცხადა ნაჭყებიამ და ერთ-ერთი ასეთ ფაქტის შესახებ ისაუბრა, როდესაც ახმეტის რაიონის საჯარო სკოლებიდან მოსწავლეები მასობრივად გამოიყვანეს გაკვეთილებიდან პრეზიდენტთან შეხვედრისთვის.
"შემაშფოთებელია ისიც, რომ მოზარდები საბარგულებით და ღია ძარის მქონე მანქანებით გადაჰყავდათ, რასაც შეიძლება ხიფათი შეექმნა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით მასწავლებლებისა და მოსწავლეების მობილიზაციის პროცესს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსი ბელა მარუქაშვილი ხელმძღვანელობდა", - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრების ორგანიზების გამო სასწავლო პროცესის ჩაშლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეაგირებას არ ახდენს, ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ხდება სწორედ სამინისტროს დასტურით.
"სამინისტროს ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს მსგავს ფაქტებზე და თავი უნდა დაანებოს განათლების სისტემის გამოყენებას მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის. მოვუწოდებთ ქვეყნის პრეზიდენტსაც ხელი აიღოს რეგიონებში „ხალხმრავალი დახვედრების" ორგანიზების იაფფასიან პიარ-კამპანიაზე და მასში იძულებით პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მასობრივად ჩართვაზე, - განაცხადა ნაჭყებიამ.