ბიძინა ივანიშვილი ნონა გაფრინდაშვილის თხოვნას შეასრულებს და დღეს, ივანიშვილის პრესსამდივნო "სახალხო კრებას" მიაწოდებს შეხვედრის ჩანაწერის იმ ნაწილს, რომელშიც ასახულია "სახალხო კრების" წარმომადგენელთა პოზიციები.
"„სახალხო კრების" წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თხოვნით მიმართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს _ გამოქვეყნებულიყო „სახალხო კრების" წევრთა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა შეხვედრის ის ნაწილი, რომლიც გამოხატავდა ბიძინა ივანიშვილის პოზიციას კონკრეტული საკითხებისადმი. ხვალ, 8 მარტს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო „სახალხო კრებას" მიაწოდებს შეხვედრის ჩანაწერის იმ ნაწილს, რომელშიც ასახულია „სახალხო კრების" წარმომადგენელთა პოზიციები. „სახალხო კრება" უფლებამოსელია მისი სურვილისამებრ გამოიყენოს ეს ჩანაწერი", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის "ფესიბუკის" ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნონა გაფრინდაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა გამოაქვეყნოს სრულად "სახალხო კრებასა" და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერი. გაფრინდაშვილის თქმით, იმ ვიდეომასალაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის "ფესიბუკის" გვერდზე განთავსდა, მისი და კრების პოზიციები არ ჩანდა.